მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელების ერთადერთი გამოსავალი უცხოეთში რეაბილიტაციის გავლაა.
როგორც ალასანიამ ფორმულას გადაცემა კონტექსტში განაცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. ის ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს გუშინ შეხვდა და ის მძიმედ არის.
"მიშას მდგომარეობით მაინც და მაინც კმაყოფილი არ ვარ. გუშინ ვნახე და მძიმედ არის. გლდანის პერიოდი საერთოდ კოშმარი იყო, როგორც ჩანს. თუმცა არც ერთი არ იყო მაინც და მაინც სანატორიუმი, სხვათა შორის არც გორი. საერთოდ არ მაქვს ნდობა ამ დაწესებულების მიმართ. არ ვგულისხმობ ყველას, არიან კარგი პროფესიონალები, თუმცა ნდობა სახელმწიფოს მიმართ არ მაქვს. ჩემი შვილის ბედი სამწუხაროდ მათ ხელშია. მან ნორმალურ კლინიკაში, ქვეყნის გარეთ უნდა გაიაროს რეაბილიტაცია... თუ ჩვენი მხარისთვის უკრაინა გამოსავალი არ არის, მაშინ გერმანია, ჰოლანდია, რომელიმე კლინიკა. იმისთვის რომ ჩემი შვილი გადარჩეს, ეს ერთადერთი გამოსავალია - გარეთ მკურნალობა... მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მდგომარეობა უკან უკან მიდის", - განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათში ფსიქოტროპული პრეპარატი ფიგურირებს.
ჯიშკარიანისთვის გაუგებარია, რატომ ფიგურირებს ასეთი პრეპარატი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ბარათში, რადგან მას ფსიქოზი არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში "ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება".
გარდა ამისა, ალტერნატიული კონსილუმი წევრი ამბობს, რომ სააკაშვილი საჭიროებს სტაციონარული მკურნალობის გაგრძელებას, რადგან მისი მდგომარეობა არასტაბილურია.
ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს.